დედა სიდონია: „რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყეთ, ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს, დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას!“

დედა სიდონია პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის დღევანდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვისმენთ წლების განმავლობაში.

მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა.

რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყეთ, ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს, დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას!

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი ამ სიტუაციაში არის, იღონოს ყველაფერი რათა – საეკლესიო ცხოვრება დაუბრუნოს ქრისტიანულ მორალს, ჩვენს მაცხოვარ უფალ იესო ქრისტეს.

მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. ხოლო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამის შემდეგ გამოარჩიოს 10 ღირსეული მღვდელმთავარი და დააკომპლექტოს სინოდი!

საქართველოს ეკლესიის მმართველობა არის სინოდალური და სწორედ იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკლესიის წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე.

ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და, საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული. იოლი გამოსავალი ამ სიტუაციაში აღარ არსებობს, აუცილებელია თამამი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვგრძნობ მთელი ჩემი თვითშეგნებით”.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

 

კომენტარები