დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება

თბილისში დამატებითი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. შეფასების კრიტერიუმები, 2013 წელს, შემუშავებულია სახალხო დამცველის აპარატისა და ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორებიცაა: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი(UNHCR), ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და სხვ.

ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ იღებს. კომისიის მუშაობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დევნილების მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი საერთო სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ამ პოლიტიკის ნაწილია, მათ შორის საცხოვრებლით დევნილთა დაკმაყოფილების არსებული ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც 2012 წლის შემდეგ იქნა შემოღებული, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ძირეული სტანდარტი.

2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დევნილთა მიმართულებით მხარდაჭერის გაძლიერება მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს მთავრობის მხრიდანაც, რასაც ცხადყოფს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების 67 მილიონ ლარამდე გაზრდა.

 

კომენტარები