დეკანოზი სერაფიმე დანელია: ეს სასწაულთმოქმედი ნაყენია, რომელიც ყველა სახის სიმსივნეს ამარცხებს! მთავარია, ხორცს და სულს ერთდროულად ვუმკურნალოთ!

ადამიანი თუ სულს და ხორცს ერთდროულად უმკურნალებს, ნებისმიერ სენს დაამარცხებს. ამაში პირადად დავრწმუნდი, როცა რუსეთის ერთ-ერთი მონასტრიდან ჩამოტანილი რეცეპტით მეოთხე სტადიის სიმსივნით ავადმყოფი ოჯახის წევრი მოვარჩინე! ცნობილი ექიმები გვეუბნებოდნენ, რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილიო. მას მერე 14 წელი გავიდა, ჩემი სიდედრი კი, სრულიად ჯანმრთელია და უფალს მადლობას სწირავს. მინდა, ეს რეცეპტი გაგანდოთ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ.

– 2003 წელს რუსი წმიდანის, სერაფიმ საროველის წმინდა ნაწილების მოსალოცად საროვში გავემგზავრე. გზად კრასნოდარის მხარეში, დაბა ტიმოშევსკში, ახლობლის ოჯახში ღამის გასათევად შევჩერდი და იქ შევიტყვე, რომ ტიმოშევსკის მამათა მონასტერში მოღვაწეობს ცნობილი სქიმარქიმანდრიტი, იღუმენი გიორგი სავვა, რომელიც თურმე სასწაულებრივად კურნავს, მათ შორის, სიმსივნით სნეულებსო.. იმ პერიოდში, ჩემი სიდედრი ძალიან ცუდად გახლდათ – ყელში ბოლო სტადიის სიმსივნე – სარკომა ჰქონდა. დიაგნოზის შესაბამისად, ცნობილი ექიმები გვეუბნებოდნენ, მაქსიმუმ, 6 თვე გაძლოსო. გულმა არ მომითმინა და გადავწყვიტე, არქიმანდრიტთან შეხვედრა მეცადა. მონასტერში მისულს ავადმყოფი ადამიანების დიდი რიგი დამხვდა. მდაბლად ვთხოვე ყველას, შორიდან ვარ მოსული, იქნებ მამა გიორგის ნახვის საშუალება მომცეთ მეთქი. უყოყმანოდ გამატარეს. კელიაში შესულს ჭარმაგი ღვთისმსახური დიდი სიყვარულით შემეგება. მას სიდედრის მდგომარეობა ავუწერე. – ღვთის ნებით, ყველაფერს ეშველებაო – მითხრა. 16 დასახელების ბალახეული გადმომცა, მომზადების წესი მასწავლა და ჩემთვის გამოსატანებლად მორჩილებს სხვა ავადმყოფობების, მათ შორის, დიაბეტის რეცეპტების ჩანაწერები გაამზადებინა.

– რა შედეგი გამოიღო ამ რეცეპტმა?

– საქართველოში დაბრუნებისთანავე მამა გიორგის რჩევების ზედმიწევნით შესრულებას შევუდექით. მან მითხრა, ვიდრე წამლით მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელია, სნეული სულიერად განიწმინდოს ღვთის წინაშე, მოძღვარს გენერალური აღსარება ჩააბაროს და ეზიაროსო. ყველაფერი დარიგების შესაბამისად გავაკეთეთ. სიდედრს ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელის წიგნიც მივეცი. გავიდა ექიმების მიერ ავადმყოფის სიცოცხლისთვის განსაზღვრული 6 თვე. ადამიანი ცოცხალია! გამოკვლევაზე წავიყვანეთ. სიმსივნე ორგანიზმში ისევ იყო.. მკურნალობა გავაგრძელეთ. სულ 9 კურსი ჩაუტარდა. დრო გადიოდა. ავადმყოფი წელიწადში ორჯერ გამოკვლევებზე დაგვყავდა. ანალიზების პასუხები სიმსივნის არსებობაზე მაინც მიუთითებდნენ. კარგა ხანს ასე გრძელდებოდა, 4 წლის წინ კი, საბოლოოდ დადგინდა, რომ სიმსივნე ორგანიზმში აღარ არის! ავადმყოფი სრულებით გამოჯანმრთელდა!

– პარალელურად ტრადიციულ მკურნალობასაც მიმართავდა?

– სხივურ თერაპიას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ თითქმის გამორიცხულია, სიმსივნე უკვალოდ ალაგდეს! სამაგიეროდ, მამა გიორგის რეცეპტით დამზადებული წამლით მკურნალობის 9 კურსი საკმარისი გახდა, სასწაული გვეხილა. მამა გიორგიმ მაშინ დამარიგა, რომ ამ წამლის ავადმყოფისთვის მიცემა იქამდე გამეგრძელებინა, ვიდრე მდგომარეობის გაუმჯობესებას მივაღწევდით, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არავინ მოველოდით.

– ახლა სად ბრძანდება თქვენი სიდედრი?

– როცა მიხვდა, რომ ყველაფერი ღვთისგან იყო, წელს მონაზვნად აღიკვეცა! დედა ქეთევანი ერთხანს სურამში, იტრიის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. ამჟამად სახლში ლოცულობს. 66 წლის გახლავთ. უფლის ნებით, მხნედ და ჯანმრთელად ბრძანდება.

– ამ მეთოდს რაიმე უკუჩვენება თუ გააჩნია?

– უამრავმა ადამიანმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა ეს მეთოდი და ბევრ მათგანს დაეხმარა. მიუღიათ ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს და ისეთებსაც, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.
აღნიშნული ნარევი მთელს ორგანიზმში აღადგენს უჯრედებს და სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს. ჯერჯერობით, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, ვინმესთვის რამე დაეშავებინოს, ანუ, უკუჩვენების შესახებ არაფერია ცნობილი. მეტსაც გეტვით: პროფილაქტიკის და კიბოს პრევენციის მიზნით ეს წამალი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიიღოს!

– რა მცენარეები შედის ამ სასწაულთმოქმედ ნაყენში და როგორია მისი მომზადების წესი?

– 1. სალბი-35 გრ; 2. ჭინჭარი-25 გრ; 3. ასკილი-20 გრ; 4. ნეგო-20 გრ; 5. დათვის კენკრა- 20 გრ; 6. ორკბილა-20 გრ; 7. აბზინდა(მწარე)-15 გრ; 8. ფარსმანდუკი-10 გრ; 9. გვირილა-10 გრ; 10. ოქროსცოცხა-10 გრ; 11. ბეგქონდარა-10 გრ; 12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ; 13. არაყის ხის კვირტები-10 გრ; 14. წყლის სამყურა-10 გრ; 15. ბერულა-10 გრ; 16. შავბალახა-10 გრ.
ეს ყველაფერი კარგად უნდა დავაქუცმაცოთ და ერთმანეთს შევურიოთ. ავიღოთ 6 სუფრის კოვზის, ანუ, დაახლოებით 26 გრამის ოდენობით და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, 3 საათის განმავლობაში შემოვდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე, 95 გრადუსზე და ვაკონტროლოთ, რომ აღარ ადუღდეს! შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ, რამდენიმე წვეთი ნაკურთხი წყალი დვამატოთ და შევდგათ მაცივარში. მაცივარში ნაყენი დიდხანს ინახება. ყოველდღე 3-ჯერ, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, თბილი, 1 სუფრის კოვზი უნდა დავლიოთ. მძიმე შემთხვევების დროს 3-3 სუფრის კოვზიც შეიძლება. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა 10-12 დღით დასვენება, რის მერეც, კურსს კვლავ ვიმეორებთ და ასე გრძელდება გამომჯობინებამდე.

– რეცეპტი სიმსივნის ერთ კატეგორიაზეა გათვლილი თუ ყველა სახის კიბოს კურნავს?

– მამა გიორგიმ მითხრა, რომ ნებისმიერი ლოკალიზაციის და ყველა სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ ეს რეცეპტი ფრიად სასარგებლოა. აქ ჩამოთვლილი 16 მცენარე ძნელი საშოვნელი არ გახლავთ, დაინტერესებული ადამიანი ფიტომაღაზიებში მოიძიებს მათ და არცთუ დიდი ფასი, სულ რაღაც 25 ლარამდე დაუჯდება. პრობლემა სხვა რაღაცაშია: ჩემი სიდედრის და რამდენიმე ადამიანის განკურნების შემდეგ, ამ რეცეპტის შესახებ საეპარქიო ჟურნალ “ჭყონდიდელში” გამოქვეყნდა ინფორმაცია. შემდეგ ჟურნალ “კარიბჭეშიც” დაიბეჭდა. უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ამის შესახებ შეიტყვეს ფიტომაღაზიებშიც, ზოგ მაღაზიაში თავად შეურიეს ეს მცენარეები და ჩემი სახელით მზა პაკეტებით დაიწყეს ნარევის გაყიდვა. ამ პაკეტების ყიდვას მე არავის ვურჩევ, რადგან თავს ვერ დავდებ, რამდენად კეთილსინდისიერად არის დამზადებული ნაზავი, ან, 16 კომპონენტიდან ყველა მათგანი არის თუ არა კონგლომერატში. სჯობს, დაინტერესებულმა ადამიანმა სათითაოდ შეიძინოს ყველა მცენარე და თავადვე დაამზადოს წამალი თუ ვინმეს შოვნა ან დამზადება გაუჭირდება, შეუძლიათ მომმართონ და დავეხმარები.

– თქვენი სიდედრის გარდა, ამ მეთოდით ბოლომდე განკურნებული ვინმე კიდევ გინახავთ?

– რა თქმა უნდა, თანაც, არაერთი! მაგალითად, ამას წინათ, მოვიდა ქალბატონი, რომელმაც გვიამბო, რომ ჰქონდა მკერდის სიმსივნე და ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს. ამ მეთოდის შესახებ შეუტყვია და ისე დაუწყია მკურნალობა, არავისთვის გაუმხელია ამის შესახებ. ამჟამად მისი სხეულიდან სიმსივნის კვალი გაქრა და ამ შედეგს მამა გიორგის რეცეპტის გამოყენებას უკავშირებს! ჩემი წვლილი მხოლოდ ის არის, რეცეპტი საქართველოში რომ ჩამოვიტანე. განკურნებულ ადამიანებს მხოლოდ იმას ვთხოვ, უფალი ადიდონ და მამა გიორგი სავვა, რომელიც 2011 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა – თავიანთ ლოცვებში მოიხსენიონ!

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც მამა გიორგის რეცეპტის გამოყენებას დააპირებს?

– ვურჩევ, ვიდრე წამლის მიღებას დაიწყებენ, ჩამობრძანდნენ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და გამესაუბრონ.. რადგან ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა სარწმუნოებას ენიჭება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, რომელშიც ხორცი და სული ერთიანდება. ამიტომ, არ შეიძლება, სულიერი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ ხორცის ავადმყოფობა. მკურნალობა დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ იქონიებს, თუ ადამიანი ხორცთან ერთად სულის განკურნებასაც შეეცდება, რაც ეკლესიური ცხოვრებით, ცოდვების მონანიებით, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით არის შესაძლებელი!

ესაუბრა ზაზა დავითაია
გამოქვეყნებულია გაზეთ “ასავალ-დასავალში.”

 

კომენტარები