“დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესს ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება” – ირაკლი კობახიძე დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე

ყველანი ვხედავთ, რომ გამწვავდა, გარკვეულწილად, ვითარება და ამ ვითარების გამოსწორების რესურსი არსებობს. რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის უფრო ფართო საკითხი, არ არის ეს მარტივი საკითხი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დელიმიტაციის პროცესი ხანგრძლივია და მოლაპარაკებებს საჭიროებს.

„საკითხი არის ძალიან აქტუალური, აქტუალურია საკითხი ძალიან ბევრი წელია. მოგეხსენებათ, ზოგადად, საზღვარზე, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან, არის დემარკაციის საკითხი და დელიმიტაციის საკითხი გადასაწყვეტი, ეს პროცესი გრძელდება, პრაქტიკულად, რამდენიმე ათწლეულია და მათ შორის, იცით, რომ განსაკუთრებით აქტუალური საკითხია დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული თემა. აქ მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მთავარი, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის. სხვა ნაბიჯები არის კონტრ პროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს გასულმა დღეებმაც დაგვანახა. მე ვფიქრობ, რომ არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენ მოლაპარაკების საფუძველზე, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის, გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, მთავარია, სიმშვიდის შენარჩუნება და მთავარია, არ გადაიდგას კონტრ პროდუქტიული ნაბიჯები.

და მარტივი რომ არ არის, იმიტომ გაგრძელდა ეს პროცესი უკვე 30 წელიწადია. თვითონ დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესი არ არის მარტივი. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა და ზუსტად ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად და ამისთვის გვჭირდება ჩვენ მოლაპარაკებები, კონსულტაციები და თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან, თუმცა, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროცესებს, რომელიც ახლა წარიმართება და იყო ვითარების გამწვავების გარკვეული ნიშნები, მათ შორის, შეიძლება, ხელოვნურიც იყო გარკვეული პროცესები, რომელიც იქ წარიმართებოდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ იქ ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება, მოგვარდეს ეს საკითხი, თუ არ გადაიდგმება რაიმე კონტრპროდუქტიული ნაბიჯები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის შედარებით უფრო გრძელვადიანი პროცესი და აქაც არის რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოგვარდეს ყველაფერი. მთავარია სიმშვიდე და მთავარია, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.

არის ძალები, რომელთა ინტერესშიც არის ის, რომ გარკვეულწილად, ურთიერთობები დაიძაბოს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ძალებს არ უნდა მივცეთ არაფრის შესაძლებლობა და აქ არის საჭირო, ზუსტად, რომ რაციონალური მიდგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება, საბოლოო ჯამში, რაციონალური მიდგომით გადაწყვეტს ყველა საკითხს.

შეიძლება, ვიგულისხმოთ სხვა სახელმწიფოც. ყველა რისკი არის გასათვლელი, ყველა შესაძლო სცენარი არის გასათვლელი, ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო და ამიტომ არის პრაგმატული და რაციონალური მიდგომა საჭირო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები