„დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს“

დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს.

ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის ოფისის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გრძელდება.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოახადა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეაჩერა. ინფორმაციას  უზბეკეთში ყაზახეთის საელჩო ავრცელებს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეჩერებულია. ეს ეხება როგორც ფეხით გადამსვლელებს, ასევე ავიამიმოსვლასა და ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს“, – განაცხადა უზბეკეთში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენელმა.

დღეს რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

კომენტარები