-„უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტიპენდიის ასაღებად ვიყავი მისული რამდენიმე ამხანაგთან ერთად, სალარო დაკეტილი დაგვხვდა და ველოდებოდით. დერეფანში, დიდ ფანჯარასთან ქალბატონი ანა კალანდაძე იდგა. ისაა? ნამდვილად ისაა? არაა, კია..
მივუახლოვდი და თავაზიანად მივესალმე, რამდენიმე სიტყვის თქმაც შევბედე. რომ დავრწმუნდი არ ვაწუხებდი ვუთხარი, რომ ოზურგეთიდან, სოფელი ასკანიდან ვარ, რომ ჩვენი ქართულის მასწავლებელი ნათელა ჯაველიძე გვიყვებოდა მასზე, რომ მან შეგვაყვარა მისი ლექსები. ცოტა რამ შემეკითხა, წუხდა, მეგობარს ელოდებოდა, პანაშვიდზე გვაგვიანდება არადა გადაიკარგაო. შევატყვე მოსწონდა და ის რამდენიმე წინადადება რომლის გაცვლაც მასთან შევძელი სულ გურულად ჩავახვიე და ჩავაკვარახჭინე. მეგობარიც გამოჩნდა და არც თუ ისე თბილად დამემშვიდობა.
სამი ან ოთხი წლის შემდეგ ქალბატონ ანას ჩვენი მასწავლებლის ოჯახში, ორმოცის სუფრაზე შევხვდი. სახელით, მომართა და მომიკითხა, სწავლის ამბავი და მასპინძელ ოჯახთან ჩემი კავშირის შესახებ გამომკითხა. ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც, ქალბატონო ანა ძალიან გამიხარდა , რომ მიცანით მეთქი. არაფერი მიპასუხა.
რაღაც მოიმიზეზა და ადრე წავიდა, კარებთან მორიდებით, თითქოს მე არ მეუბნებოდა თქვა: “განა შეიძლებოდა დამვიწყებოდა თქვენისთანა ძარღვიანი გურულით მოლაპარაკე ადამიანი ყმაწვილო?” გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.
დღეს ანა კაანდაძის დაბადების დღე ყოფილა“.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე