„დიაგნოზში წერია ანაფილაქსიური, რეფლექტორული შოკი და თრომბოემბოლია“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

-„ჩვენ ვიცით, დიაგნოზში წერია ანაფილაქსიური, რეფლექტორული შოკი და თრომბოემბოლია, თუმცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში პნევმონია ისახება, ეს დამახასიათებელია კოვიდისთვის. შესაძლოა, ყველა დიაგნოზი იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ რატომ არ სვამს ბატონი ლევან რატიანი „კოვიდ 19“-ის არსებობის საკითხს?“, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, მოთავსდა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს მეგი ბაქრაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები