დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე “რომელთა ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება: “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, – „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთის მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორეს მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

კომენტარები