დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.
შუა საუკუნეებში დიდუბეში, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც. ტაძარში 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს  დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.
ეკლესიის გვერდით არის პანთეონი.

სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“ მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში  ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ.  დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი, რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა დაამზადებინა. 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება.

კომენტარები