დიმიტრი საძაგლიშვილი: „საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმდეს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

„საჩივარი შეეხება ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს, გირაოს. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმდეს.

სასამართლოს აქვს არასწორი სამართლებრივი განმარტებები. მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – კონტრადა იტალიის წინააღმდეგ და ამით გაამართლა, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა მოწმეებზე.

ამ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკი ამართლებს აღკვეთის ღონისძიებას, სინამდვილეში ეს საქმე რადიკალურად განსხვავებული გარემოებებისგან შედგება. კონტრადა იყო სიცილიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. მაფიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, კარგად იცით, როგორ უსწორდებიან მაფიოზები მოწმეებს და ამ პირობებში ამ საქმეს გაუთანაბრა. ძალიან სასაცილოა, ნიკა გვარამიას რანაირად შეიძლება გაუთანაბრო მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული რისკები? სასაცილოა სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში.

სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებდა, რომ „რუსთავი 2“-ს არ მიუღია ზიანი, მომდევნო წელს სახელშეკრულებო თანხა გაიზარდა სწორედ ნიკა გვარამიას მოთხოვნით 9 300 000 ლარით და „რუსთავი 2“-მა არათუ იზარალა, არამედ პირიქით, სარგებელი მიიღო ამ ხელშეკრულებით.

არ არსებობს არანაირი საფუძველი გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი სააპელაციო სასამართლოს შედეგთან დაკავშირებით, იმის გამო, თუ რა მდგომარეობა არსებობს საქართველოში სასამართლოს სისტემაში. მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას“, – განაცხადა  ადვოკატმა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.   ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა.

კომენტარები