დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის – „მთავარი არხის“ მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმაში ბრალდებული პირი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ეს ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

კომენტარები