დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო – დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ აღარ იკითხება

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. დიდმარხვის ბოლო კვირას შესრულდება განსაკუთრებული მსახურებანი, რადგან მართლმადიდებელი სამყაროსთვის, ეს კვირა განსაკუთრებულად მძიმეა.

დიდიმარხვა წელს 15 მარტს დაიწყო და 2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

ვნების შვიდეული

ა) ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ბ) დიდი ხუთშაბათი

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).

დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ აღარ იკითხება.

გ) დიდი პარასკევი

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.

ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

დ) დიდი შაბათი

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი – აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას – იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.

იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.

დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მიისათვის“ (II ფს. 1, 2).

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.

კომენტარები