„დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად – ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, ჩვენი მოქალაქეების სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას“ – გიორგი გახარია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

-„ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა,- მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება, ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, -წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული.

დღეს, მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, – მიზანი იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი, – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ,  ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვთქვათ,- ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რაც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა, დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი, – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია,  დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია,  ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები