დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

“დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც სრულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

რაც შეეხება გამწვანებას, დაიგო 1000 მ2 რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.

მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს.” – ნათქვამია დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებაში

კომენტარები