დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა, ნათელა მოთხრობიდან “ნუ გააღვიძებ”-ქეთევან დუმბაძე

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს ყვება -“დღეს ზაზას, ჩემი ძმის დაბადების დღეა, ვაკის სასაფლაოდან მე და დედა მთაწმინდაზე მივდიოდით მამასთან. ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავპირდი, ერთ საათში სახლში ვიქნები მეთქი. მამასგან სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზად ერთი კი გავიგიქრე ნეტავ ვინ არის ის ქალბატონი და რა უნდა თქო, მაგრამ ის რაც მოხდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა – ნათელა მოთხრობიდან “ ნუ გააღვიძებ” და მეც, როგორც მოთხრობაში, თაფლი მომიტანა. ❤️❤️❤️

“დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: – ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.
– უთხარი შემოვიდეს. – ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე.
– ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო.
რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50წლის ჭაღარ სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.
– გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! – მომესალმა.
– გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! – მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე…“
– არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.
– რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?
– ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო. – მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.
– გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო. – შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.
– არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით. – მითხრა მან და თავი დახარა…” -წერს ქეთევან დუმბაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები