დღეს, 26 მარტს გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა

 დღეს, 26 მარტს გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა.

თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

 

„ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს… ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი… ან მდევარი.. – და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი…
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ… თვალებით ყევლაფრის თქმა უნდა შეძლოს… ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა… სახის ჩრდილებიც, – ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული – ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინვე მიხვდებით ნამდვილი ქალი თუა – ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული… და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი…“

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

 

-„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.
„ყველაზე დიდი სილამაზე – ამაღლებული უბრალოებაა“
,,ვინ ბრიყვმა დასძინა, ნეტავ, პირველად, რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი – არა, აღმართი ცოტაა, ძმებო! დაღმართი-ბევრი…“

 

„არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…“

 

იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ… ..

 

— თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, — განმარტავდა გრიშა.
— ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!
ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
— მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი.

ციტატის წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“
გურამ დოჩანაშვილი

ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

კომენტარები