„დღეში ერთი კოვზი სიხარულის მიღება არ დაგავიწყდეთ!“

ავლიპ ზურაბაშვილი არ ყოფილა უბრალოდ ექიმი, უბრალოდ ფსიქიატრი,ის ყოველთვის უფრო სიღმისეულად უდგებოდა თითოეულ პაციენტს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ძალიან კარგად, უჯრედულ დონეზე იცნობდა ყველა დაავადებას, მათი განვითარების მექანიზმებს.
ლენინგრადში გატარებული ნაყოფიერი წლების შემდეგ ორი გზა ჰქონდა: ევროპისკენ და საქართველოსკენ. პატრიოტმა მეცნიერმა სამშობლოში დაბრუნება არჩია,

მას მიაჩნდა, რომ ქვეყნის წინაშე ვალში იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაეხადა. ამას კი პროფესიული თუ საზოგადოებრივი საქმიანობით აკეთებდა. ის გახლდათ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის წარმომადგენელი, ქართული ბრენდი მაშინდელ მსოფლიო ასპარეზზე. ყველა საერთაშორისო კონგრესსა თუ ყრილობაზე აცხადებდა, რომ საქართველოდან იყო, მუდამ გამოხატავდა მადლიერებას მშობლიური კუთხის – კახეთის მიმართ. თავის პატრიოტულ სულისკვეთებას საქმით ამტკიცებდა!
მისი სახელი დღესაც ყველას ახსოვს, დღესაც იგონებენ ისტორიებს მის შესახებ! არ შეიძლება, ვისაუბროთ ავლიპ ზურაბაშვილზე და არ გავიხსენოთ მისი განსაკუთრებული იმიჯი, დამახასიათებელი ულვაში… იმიჯზე მისი შვედი მეუღლე, ჰელენა ლუნდი ზრუნავდა. ცნობილი გვარის წარმომადგენელი პეტერბურგში გაიცნო თურმე. ჰელენა მოკრძალებული და ძალიან მზრუნველი ქალბატონი ყოფილა.

მათ ერთად დაახლოებით 70 წელი იცხოვრეს. საოცრად ჰარმონიული ტანდემი ჰქონდათ და წარმატება დიდწილად მისი მეუღლის დამსახურებაცაა.

ქალბატონ ჰელენას ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები და მეუღლეს ყოველდღე მოჰქონდა მისთვის თაიგული. როცა ასაკის გამო აღარ შეეძლო ამის გაკეთება, მძღოლს ავალებდა და ღრმა სიბერემდე ყოველდღე ხვდებოდა ოთახში მინდვრის ყვავილები.

კიდევ ერთი საფირმო ნიშანი იყო მოსწრებული ენა. მისი გამონათქვამები დღესაც ლეგენდებად დადის ხალხში.
– პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელმაც გადაულაპარაკა: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს – ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია.

ავლიპი ზურაბაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამად კი ის სამი სიტყვა რჩება, რომლებიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: “სინდისი, ნამუსი, პატიოსნება! “დიდი ფსიქიატრის კიდევ ერთი ცნობილი გამონათქვამია “კაცურკაცობა, ანუ შრომა და ზნეობა”. ეს ლიტონი სიტყვები როდი იყო – ბატონი ავლიპი თავად გახლდათ ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ექიმი და ადამიანი, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ავლიპ ზურაბაშვილმა ამქვეყნად დატოვა.
ის ადამიანთა სულის მკურნალი იყო …

  •  დღეში ერთი კოვზი სიხარულის მიღება არ დაგავიწყდეთ!
    Ани Андроникашвили
კომენტარები