ედუარდ სააკაშვილი: „მიშას ურჩევნია, თბილისში ციხეში იჯდეს… მას უნდა, ისტორიული ფიგურა…“
„რადიო თავისუფლებამ” საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან, ედუარდ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ედუარდ სააკაშვილი:
-„აქამდე ბერლინში ვიყავი, იქ ვმუშაობდი, ბერლინი გიგანტური ქალაქია. ეს ქალაქი მყუდროა, პატარა… მშობლიური გრძნობები მაქვს ბავშვობის გამო, ენა ვიცი კარგად. მე და ნიკუშა ერთმანეთში ახლაც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. საერთოდ როდესაც ოჯახის ერთი წევრი სხვა ენის წარმომადგენელია, როგორც წესი პირველი შვილი კარგად სწავლობს ხოლმე ამ ენას და მეორე ნაკლებად. ნიკუშა რომ გაჩნდა, 10 წლის ვიყავი, ვიცოდი უკვე ამ ფენომენის შესახებ. მე ვიცი მხოლოდ სანდრას ჰოლანდიური, ერთმანეთშიც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. მიშამ ცუდად იცის ენა. ერთხელ სუფრაზე ვიყავით და მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო, ვუთხარი – ქართველი- მეთქი, რაც სანდრას ძალიან გაუკვირდა…
პოლიტიკაში წასვლა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ.
იქ უფრო ჩემია, ჰოლანდიის პოლიტიკაში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს… ნაკლებად შემტკივა გული.
მიშა 2013-ში ამერიკაში რომ წავიდა, ვერ გაძლო, მე ძალიან გამიხარდებოდა, – მაგ გზით წასულიყო და იქ ყოფილიყო, მაგრამ არ არის ეს მისი სტილი.
შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება…
ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი, დროშა ეკიდა ხუთჯვრიანი და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს „ნაცების” დროშააო. კამათში არ შევსულვარ, შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს…
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არ მქონია, ახლა ყველაზე ნაკლებად მაქვს. ბევრი უარყოფითია, თუნდაც პიროვნული ასპექტი. ამას თუ ოდესმე გავაკეთებ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეს სანდრას მაგალითიდანაც ჩანს. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მისი პოლიტიკაში ჩართვის. ვურჩევდი, არ გადაედგა ეს ნაბიჯი.
მე და ნიკუშას ბაბუების სახელები დაგვარქვეს. არაფერ შუაში არ იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ალბათ გაუხარდა, პატარა რომ ვიყავი, ხომ მითხრა, პრეზიდენტი იქნებიო… ახლა ვფიქრობ, როგორც შვილი, რ- რა კარგი იქნებოდა, საქართველოში არ ჩასულიყო და ისევ უკრაინაში იყოს, შემეძლოს ვესტუმრო. დავფიქრდი და მივხვდი, – მას ურჩევნია, იქ იჯდეს ციხეში, ვიდრე კიდევ დარჩენილიყო კიევში. მას უნდა იყოს ისტორიული ფიგურა, თავგანწირვა – ეს მისთვის ძალიან რეალურია. მაღიზიანებს რომ ამბობდნენ, არა, რა შიმშილობდა, ერთ კვირაში შეწყვეტსო. ამ დროს ბოლომდე დარჩება მისი დათქმის ერთგული. ურჩევნია გარისკოს. ეს ჩემთვის საშინელებაა. მესმის, რომ მას უნდა ეს, რაღაც დონეზე პატივი უნდა ვცე მის არჩევანს. ეს მისი გზა არის და ისიც მართალია, რომ პატიმარს აქვს ამის უფლება.
მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში, ბევრი რაღაც დაგროვდა, ლეგიტიმურად. მიშასთან ამაზე მისაუბრია. ახლა რა ხდება, ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ განახორციელონ პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ დროს ინტერესით მიქრება და ვეღარ ვფიქრობ ობიექტურად…“