ევროკავშირის  მარეგულირებელმა  დაადასტურა AstraZeneca-ს ვაქცინასთან თრომბოზების კავშირი

 

უახლოეს დღეებში მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA) ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადებს.

მარეგულირებელი ამ ეტაპზე  ცდილობს გაარკვიოს,  როგორ იწვევს აღნიშნული პრეპარატი  თავის ტვინში ვენების თრომბოზს, თუმცა, AstraZeneca-ს ვაქცინასთან თრომბოზების კავშირი უკვე აღიარა (დაადასტურა), გვამცნობს – Le Figaro, EMA-ს ოფიციალური წარმომადგენლის – მარკო კავალერის განცხადებაზე დაყრდნობით.

“ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია  ვთქვათ, რომ არსებობს ვაქცინასთან თრომბოზების განვითარების კავშირი, თუმცა, რა იწვევს ამ რეაქციას, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით! კავშირი ნამდვილად არსებობს, თუმცა, ჩვენ ჯერ უნდა გავარკვიოთ როგორ ხდება ეს!” – განაცხადა კავალერიმ იტალიურ გაზეთთან II Messaggero ინტერვიუში.

“ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ ზუსტი სურათი, ზუსტად გავარკვიოთ, როგორ იწვევს ვაქცინა ამ გვერდით მოვლენას. ვაქცინირებულთა შორის  ცერებრული (ტვინის) თრომბოზის შემთხვევები ახალგაზრდებთან უფრო ხშირია, ვიდრე ამას მოველოდით, ეს უნდა ვაღიაროთ!” – აცხადებს EMA-ს ოფიციალური  წარმომადგენელი – მარკო კავალერი.

სამკურნალო საშუალებათა  მთავარმა მარეგულირებელმა ევროპაში,   მარტის თვეში  შეამოწმა AstraZeneca-ს ვაქცინა, თორმბოზებისა და თრომბოემბოლიების იმ შემთხვევების გამო, რომლებიც აცრილებთან დაფიქსირდა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც  ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ  შეაჩერა ამ პრეპარატის გამოყენება. მაშინ ჯერ კიდევ EMA-მ ვაქცინა უსაფრთხოდ მიიჩნია.

ამის გამო  საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და რამდენიმე სხვა ქვეყანამ  განაახლა აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაცია. თუმცა, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია დღემდე თავს იკავებენ AstraZeneca–თი ვაქცინაციისაგან.

თინათინ  გოცაძე

წყარო: https://www.lefigaro.fr/sciences/covid-19-un-responsable-de-l-ema-confirme-un-lien-entre-astrazeneca-et-les-thromboses-20210406

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები