ევროკომისიის მონაცემებით, კორონავირუსის შესახებ რამდენიმე შემთქმულების თეორიის გავრცელებას კრემლთან დაახლოებული წყაროები უწყობენ ხელს

ევროკომისიის მონაცემებით, კორონავირუსის შესახებ რამდენიმე შემთქმულების თეორიის გავრცელებას კრემლთან დაახლოებული წყაროები უწყობენ ხელს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

„ჩვენი დაკვირვებით, სხვადასხვა ოფიციალური, სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე წყაროები, – ანუ კრემლთან დაახლოებული წყაროები და სახელმწიფო მედია ევროკავშირში და მის მეზობელ ქვეყნებში შეთქმულების თეორიების და დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ.  ამ კამპანიის მიზანი ევროკავშირის და მის წევრებს მიმართ ნდობის შემცირება და ევროპაში პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეჭვის ქვეშ დაყენებაა“, – განაცხადა გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ.

ანალოგიური განცხადება სტანომ აპრილშიც გააკეთა.

-„რუსული პროპაგანდის მიზანი უცვლელია – ძირი გამოუთხაროს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მოდელისადმი.

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მეთოდები იდენტიურია. მათ სურთ ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა. ისინი სამიზნე ქვეყნის მოდელის დისკრედიტებას ცდილობენ. ეს ხდება აშშ-სთან მიმართებითაც. ერთი და იგივე მეთოდებს იყენებენ. თუმცა, განსხვავდება მიწოდების ფორმები იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ესპანეთი და იტალია, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია, Russia Today კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროების ათეულში შედის. იქნება ეს აშშ, ევროპა, უკრაინა თუ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათი მიზანი უცვლელია: ძირი გამოუთხარონ მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მოდელისადმი.

რუსეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყველა საინფორმაციო წყაროს იყენებს. მათ შორის სოციალურ ქსელს, მუშაობს სხვადასხვა დონეზე და მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებზე და იყენებს ყველა მეთოდს.

ევროგაერთიანების საგარეო ურთიერთობების სპიკერი საზოგადოებას აფრთხილებს, კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მუდმივად გადაამოწმონ. საკმაოდ ფრთხილნი იყავით ინფორმაციის წყაროებთან. ორჯერ ან სამჯერ გადაამოწმეთ ფაქტები. მიმართეთ მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს, რომელთაც ენდობით. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ. გახსოვდეთ, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც თქვენით მანიპულირება სურთ. არ მისცეთ მათ ამის საშუალება“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სპიკერმა პიტერ სტანომ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები