ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა – ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა.  სერტიფიკატი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მისი გამოყენება პირველი ივლისიდან დაიწყება.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება. დოკუმენტი შეიცავს QR-კოდს, უფასოდ გაიცემა. დოკუმენტი ადასტურებს,  რომ ადამიანი აცრილია, აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ ეს ზომები აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

არავაქცინირებული პირების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნივერსალური, ხელმისაწვდომი, დროული და უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს სხვა წევრ ქვეყნებში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატები, რომელიც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ნებადართულ ვაქცინებს ეხება. რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს, თითოეული წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ასეთ ვაქცინებზე გაცემული სერტიფიკატები.

კომენტარები