ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა – „მიმაჩნია,-ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია“

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

-„გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, -ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი, მიმაჩნია, – ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ,  გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

მიმაჩნია,-ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, – ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციის შემდეგ მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

საქართველოში 15 მარტიდან  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინაციის პროცესი თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneka-ს პრეპარატით სულ 3.818 მედმუშაკი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

ჯანდაცვის მინისტრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები