ეკატერინე ტიკარაძე სიტყვით გამოვიდა ,,ჯანმო”-ს 73 ანსამბლეაზე – „საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი“

„ჯანმო“-ს 73 ასაბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

-„საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა. 

იანვრის თვიდან დაწყებული, საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს Covid-19– ის გავრცელების წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციით და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების პროგრამების დანერგვით. ტექნოლოგიურმა საშუალებებმა შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს. დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია – Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად. 

ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მზად არის დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 მთავრობისა და შესაბამისი ინსტიტუციების ერთობლივი და უაღრესად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფექციის შეკავება და ვირუსის შემთხვევების მინიმალიზაცია.

პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარება, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების გაფართოება, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების რიცხვი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებები ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას შევუერთდეთ სოლიდარობის პროცესს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ძალისხმევაში COVID– თან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“.

კომენტარები