„ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში იქადა.

პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა:

„ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას,

დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს მაშინ, როდესაც მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. ისინი ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ მაცხოვრის ტკივილს, მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს ეკლესიის სიმძიმე. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს.

შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს მისი, თამარ მეფის, ღვაწლი მენელსაცხებელე დედებს. მარიამ მაგდალინელი და სხვები გალობენ და ზეიმობენ მაცხოვარის აღდგომას. მათი ლოცვა -კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“.

აღდგომიდან მე-3 კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. წმიდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კეთილმსახური მეფის თამარის (+1213) ხსენებაც აღნიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია იმართება.

მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები… პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.

წმიდა მენელსაცხებლე დედებმა მთელი გულით შეიყვარეს უფალი, დაჰყვებოდნენ მას, უსმენდნენ, ემსახურებოდნენ…

 

კომენტარები