„ეკლესია ეს არის, მიწისა და ზეცის ერთობა, გარდაცვლილთა და აქ მყოფთა ერთობა…“-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„ეკლესია, ეს არის ადამიანად მოსული ღმერთის ჩვენთან მყოფობა,
ეკლესია, ეს არის ადამიანად მოსულ ანუ განკაცებულ ღმერთთან ჩვენი კავშირის შესაძლებლობა,
ეკლესია ეს არის, მარადიული სიცოცხლის პირველი საფეხური მიწაზე, რომელიც მარადისობაში გრძელდება,
ეკლესია ეს არის, მიწისა და ზეცის ერთობა,
გარდაცვლილთა და აქ მყოფთა ერთობა,
ადამიანთა და ანგელოზთა ერთობა,
ადამიანთა და ყოვლადწმინდა სამება ღმერთის ერთობა,
უფალი ამბობს – მე დავაარსებ ჩემს ეკლესიას, მაგრამ, ამავე დროს, უფალი მიგვანიშნებს, რომ ეკლესია არ არის უბრალოდ ღმერთის დაარსებული მხოლოდ თავისი იმპერატიული ნებით,
იგი ადამიანთან თანმშრომლობს.
პეტრეს ეუბნება და პეტრეს სახით ეუბნება ყველა მოციქულს და პრინციპში ყველა ადამიანს
– შენ ხარ კლდე და მე ამ კლდესა ზედა აღვაშენებ ჩემს ეკლესიას ანუ ადამიანზე აშენებს ეკლესიას, ოღონდ რა შემთხვევაში ადამიანზე?
იმ შემთხვევაში, როცა ეს ადამიანი საღვთო ჭურჭელი ხდება, როგორც უფალი ეუბნება შენ ზეციურმა მამამ გამოგიცხადა
– შენა ხარ ცოცხალი ღმერთის ძე, პეტრე ეუბნება აი, ამ სარწმუნოებაზე,
სარწმუნოება რომელიც ღვთისაგან მოცემული საჩუქარია, სარწმუნოება რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანი ხდება ღვთის ჭურჭელი,
ადამიანი გულს უხსნის ღმერთს,
ადამიანი ღმერთთან ერთად იმყოფება,
ადამიანი ღმერთთან ერთად თანამშრომლობს,
აი, ამგვარ ადამიანებთან თანამშრომლობით, განკაცებული ღმერთი, აარსებს თავის ეკლესიას.
ეს ეკლესია არის უძლეველი, იმიტომ რომ, იგი არ არი ადამიანთა ერთობა, არამედ ღმერთისა და ადამიანის ერთობა.
უფალი ამბობს – მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი, რომელიც ნიშნავს ჯოჯოხეთის ყველაზე საშინელ ძალებს, ყველაზე ძლიერ ძალებს, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ ეკლესიას ვერაფერს ვერ დააკლებენ და
იგი იარსებებს უფლის მეორედ მოსვლამდე აქ და
ის მარადისობაში გრძელდება, როგორც ადამიანთა და ღმერთის ერთობა“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 11.08.2019 

კომენტარები