ელიზაბეთ რუდი: „მინდა, აღვნიშნო, ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“

-„კონგრესი წარმოადგენს ამერიკის საკანონმდებლო შტოს. შესაბამისად, მე გირჩევთ, მიმართოთ მათ დეტალური კომენტარისთვის. რაც შემეხება მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, მინდა, აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ს, ევროკავშირისა დ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ეს წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნებისმიერი საგამოძიებო პროცესი, ბრალდება თუ სასამართლო პროცესი თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას და ამავდროულად, გააძლიერებს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.

 

-„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი, მარკუეინ მალინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

კომენტარები