ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ევრობანკი საქართველოს 90 მლნ ევროს გამოუყოფს

ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით,  90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა; ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა; ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა; ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ასევე ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება; კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის შეჭრისა და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.

„საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“.

კომენტარები