„ენკა რინიუებლზი“ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ინიციატივას, შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი“ -„ენკა რინიუებლზის“ დირექტორი

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტში რიონის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძეც.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კომპანია „ენკა რინიუებლზი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოებს აწარმოებს, ძირითად ობიექტებს, კერძოდ, კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ „ენკა რინიუებლზი“ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ინიციატივას, შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კომპანიის მიერ მომზადებულ ყველა დასკვნასა და მასალას ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით.

-„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის პოზიციაზე, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მივსულიყავი ჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებთან და შემეთავაზებინა დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობის გადაყვანა. მე მათ დავუდასტურე, – მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ხეობის განვითარების ფონდის ჩამოყალიბებაში. მისი მეშვეობით მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომელთაც თავად ხეობის მოსახლეები პრიორიტეტულად მიიჩნევენ. რაც მთავარია, ამ თანხას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა განკარგავს. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ,  კომუნიკაცია პროექტის მოწინააღმდეგეებთან შესაძლებელი და აუცილებელია.  წინასამშენებლო სამუშაოები პროექტის განხორციელების ადგილას აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა „ენკა რინიუებლზის“ ახალმა დირექტორმა.

რიონის ხეობის მცველები უკვე ხუთ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები