„ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება – ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია“-ამირან გამყრელიძე

საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით:

-„ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვეა – ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო სამი დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათი-ხუთშაბათის პერიოდში. ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, – ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, 9 ათასის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა, ეს არის ძალიან ცუდი. უკვე ცივი სეზონია – მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია – მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“.

კომენტარები