„ერთის მხრივ, ჩვენი პრიორიტეტია, ეკონომიკურად მეტი სარგებელი მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ და მეტად ღირებული პროდუქტები აწარმოონ. მეორეს მხრივ, საჭიროა ისეთი პროდუქტების წარმოებაც, რომელიც“ – ლევან დავითაშვილი

-„სასურსათო უზრუნველყოფა ნიშნავს საკვებ პროდუქტზე წვდომას ყველა პირობებში, მაგრამ აქ ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო.

ერთის მხრივ, ჩვენი პრიორიტეტია, ეკონომიკურად მეტი სარგებელი მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ და მეტად ღირებული პროდუქტები აწარმოონ. მეორეს მხრივ, საჭიროა ისეთი პროდუქტების წარმოებაც, რომელიც ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანია, მაგრამ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის საჭიროა. თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობაზე.  გვესმის, რომ ჩავარდნები საერთაშორისო ვაჭრობაში შეიძლება იყოს დროებითი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტულ კულტურებზე და მიმართულებებზე აქცენტი უნდა შევინარჩუნოთ.

მიმდინარე კვირას წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მიღწევაა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“.

კითხვაზე, რომელი დარგების განვითარებას ურჩევს ადამიანებს, რომლებსაც სურთ დაიწყონ ფერმერობა?

ლევან დავითაშვილმა განაცხადა:

„ამ კითხვაზე რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა და კონკრეტული რეცეპტის მიცემა. ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტშია, დიდი სიამოვნებით მიეხმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის სოფელს უბრუნდება. საქართველოს გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, ის რაც მოდის ერთ რეგიონში, არ მოვა სხვაგან. სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ყველა რეგიონს თავისი პრიორიტეტი გააჩნია. ჩვენ მზად ვართ კონსულტაცია გავუწიოთ ყველა მოქალაქეს“.

მოსახლეობას ინფორმაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზზე 15 01. სწორედ ამ ნომერზე დარეკვით, მათ ვისაც სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩართვა სურს, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები