„ერთ კვირაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა“ – ეკატერინე დგებუაძე

განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგი გამართა.

-„მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.

როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ.

ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა. პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები