ერის აღსარება -„მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა – ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა“

ერის აღსარება
-„დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, – დიდება შენდა.მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა – ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას – ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).
უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.
გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.
დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.
გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), – როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.
ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.
ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;
შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.
ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.
ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა – სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.
ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.”
ილია მეორე
კომენტარები