ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.  მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.

-„ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:

1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

3. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.

4. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

5. მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს”.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი :

6 ივლისი -11 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა (I სესია)

12 ივლისი – ისტორია (I სესია) (II სესია)

13 ივლისი – ისტორია (I სესია)  (II სესია)

14 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

15 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

16 ივლისი – ბიოლოგია (I სესია)

17 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა,

ფრანგული ენა

18 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

19 ივლისი – (I სესია) გერმანული ენა; ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

20 ივლისი – ზოგადი უნარები (I სესია) (II სესია)

21 ივლისი – ზოგადი უნარები, ლიტერატურა (I სესია)

22 ივლისი – ფიზიკა, სახვითი ხელოვნება (I სესია)

23 ივლისი -გეოგრაფია (I სესია)

24 ივლისი – ქიმია (I სესია)

25 ივლისი -სამოქალაქო განათლება; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (I სესია)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

1 აგვისტო (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

2 აგვისტო (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები