ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

მთავრობის სხდომა გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

„კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას შინაგან საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა – შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისში.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

29.12.1994-01.04.2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

01.04.2003-22.03.2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

22.03.2013-11.12.2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11.12.2014-26.01.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

26.01.2015-01.08.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

წოდება – „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“

2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად

ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. 2019 წლის 8 სექტემბერს ის ამ თანამდებობაზე მეორედ დაინიშნა.

კომენტარები