ეროვნულ გამოცდებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, თითოეული მონაწილე ერთმანეთისგან სპეციალური ბარიერით იქნება გამიჯნული

-„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შემუშავებული გვაქვს უსაფრთხოების გეგმა, მოწოდებულია რეკომენდაციები და ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს საგამოცდო სივრცეში. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა, განსაზღვრული სივრცე უნდა იყოს თითოეული პირისთვის. ბარიერი უნდა იყოს დამონტაჟებული, რაც გამიჯნავს ერთ პირს მეორე პირისგან. ჰიგიენის და დეზინფიცირების ყველა წესი იქნება დაცული. განათლების სისტემა მზადაა გამოცდების ჩასატარებლად, ყველა საორგანიზაციო საკითხი არის მოგვარებული. გამოცდები ჩატარდება ივლისში. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კიდევ უფრო დაზუსტდება ეს ყველაფერი. არსებული გამოცდილება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ივნისის თვეში გამოვაცხადოთ, თუ როდის ჩატარდება გამოცდები.

ეროვნული გამოცდების თემატიკა ძირითადად აგებულია აბიტურიენტების აზრობრივი და ანალიტიკური უნარების წარმოჩენაზე, იძულებითი არდადეგების დროს კი, მათ მომზადებაში ტელესკოლა და სხვადასხვა აქტივობები ეხმარებათ.„ეს გამოცდა არ იქნება მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ფლობაზე, ეს იქნება აზროვნების ტესტი. მათი ანალიტიკური უნარების და აზროვნების შემოწმება“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით, იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში ვაცნობებთ საზოგადოებას დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აგვისტოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანენ, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს  და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან.

აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზერეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა. 1 მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12600-ზე მეტს შეადგენს; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

 ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება. მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა  და  რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 7-8 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. 

 

კომენტარები