„ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა…“ – „ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა“

-„ნათი, ჩემო ტკბილო მეგობარო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მატკინე გული. საუკეთესო დედა, ექიმი და მეგობარი დავკარგეთ. ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენია. რამდენი თბილი მოგონება დაგვიტოვე. უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს. პ.ს. ხალხო ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა!!! ნუთუ ასე ძნელია ელემენტარული წესების დაცვა!!! გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და ექიმებსაც, თორემ მალე სავალალო შედეგს მივიღებთ!!! არ მიყვარს საჯაროდ “ლოზუნგების” წერა, მაგრამ ეს პოსტი ჩემი ზოგიერთი მეზობლისთვისაცაა, დღემდე რომ არ სჯერათ ვირუსის არსებობის!!! გაიგეთ, რომ ყველას ერთნაირად არ შეუძლია ამ დაავადების გადატანა და სანამ თქვენ ფულის საკეთებლად დარბიხართ, შეიძლება ამ დროს სხვაც დააინფიციროთ და სამუდამოდ დაღუპოთ!!!- წერს გარდაცვლილი ექიმის, ნათია მსხვილიძის მეგობარი, ქეთი ლომიძე სოციალურ ქსელში.

კორონავირუსით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმი, ნათია მსხვილიძე გარდაიცვალა.

კოვიდინფიცირებული მედიკოსი 45 წლის იყო, თბილისში მკურნალობდა.

25 ოქტომბერს კორონავირუსით სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ექიმი, 69 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ახალქალაქში მუშაობდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოვლენილი 1 731 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარა – 333, იმერეთი – 320, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 76, გურია – 18, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 45, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. 31 მარტიდან – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები