„ეს არის დრო, როდესაც „რჩეულნიც კი შეცდებიან”. თითოეულ ჩვენთაგანს ათი, ასი, ორასი ეშმაკი დაყვება დასაღუპად, ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა“ – მიტროპოლიტი იობი

-„ძალიან რთული დრო დაგვიდგა. ეს არის დრო, როდესაც „რჩეულნიც კი შეცდებიან”. იმდენად საშიში მდგომარეობაა, ამიტომაც მეტი სულიერება გვმართებს, მეტად უნდა ვიაროთ ეკლესიაში, რადგან უმთავრესი ღირებულება, ფასეულობა – სული გადავირჩინოთ, ეს კი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა! თითოეულ ჩვენთაგანს ათი, ასი, ორასი ეშმაკი დაყვება დასაღუპად, ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც სახარება გვმოძღვრავს – “ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო”, ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის გვერდით ყოფნით ჭირსა თუ ლხინში უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, სწორედ ესაა ქრისტიანობა!.. ხოლო თუ გული გაგვიცივდა, თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, თუ სხვისი ჭირი ჩვენთვის ლხენაა, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად ყოფილა. ქრისტიანობა მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და ტაძარში სიარული არ არის, ქრისტიანობა მოყვასის თანადგომაა, მიტევებაა, ქრისტიანობა თავდადებაა მოყვასისათვის, ერისათვის…და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენ – მოძღვრებმა ჩვენი სულიერი შვილები, ჩვენი მრევლი. ძალიან რთულია, ადამიანმა აიტანო ამდენი განსაცდელი, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი დამცირება, ქართველი ერის ღირსებების ფეხქვეშ ასე გათელვა. ამის ატანა მართლაც ძალიან ძნელია. ჩვენ უპირველესად, რა თქმა უნდა, ღმერთის იმედი გვაქვს, რომ უფალი მოგვხედავს, მოგვხედავს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. მათი იმედი გვაქვს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.. წეტრილი უნდა დაესვას იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ხდება მასმედიის საშუალებებით, ტელევიზიით, ინტერნეტით, ეს ერთგვარი გამოცდაა ქართველი ერისთვის და ეს გამოცდა ჩვენ სულიერებით უნდა ჩავაბაროთ! უნდა გვქონდეს ღმერთის დიდი იმედი, ღმერთს მინდობილნი უნდა ვიყოთ… დედა ღმრთისმშობელს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა, რადგან სწორედ იგია ჩვენი ერთად-ერთი პატრონი!..ეს არასოდეს დაგვავიწყდეს!…შევთხოვ უფალს, დედა ღმრთისმშობელს, რომ ინებოს ქართველი ერის ერთობა, ღმერთმა ინებოს, გვყავდეს ეკლესიური ხელისუფალი, ერისათვის თავდადებული და ეკლესიის პატრონი – აი, სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ერს და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო! ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.უფლის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედის და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს!“
მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)
კომენტარები