„ეს არის უდიდესი დღესასწაული, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა“

21 სექტემბერს, სიონის ტაძარში  ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატები დაესწრნენ.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

„ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა.

შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“.

სექტემბრის თვე ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა.

პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. ბერი ანდრიას ფონდის დამაარსებლები, ბერი ანდრიას მშობლები – ნესტორ მილორავა და თინათინ ჩხვიმიანი საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები