„ეს დიალოგი დასრულდება პოლიტიკურ მაგიდასთან. იმედი მაქვს, დიალოგი გაგრძელდება მეათე მოწვევის პარლამენტში“ – არჩილ თალაკვაძე

-„არ მაქვს იმის მოლოდინი, ეს დიალოგი დასრულდება პოლიტიკურ მაგიდასთან. იმედი მაქვს, დიალოგი გაგრძელდება მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკურ დიალოგზე დაფუძნებული კულტურის განვითარება და მეტი თანამშრომლობა. გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს. არის საკითხები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, კორონავირუსი, საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესები.

პირდაპირ გეტყვით, საქართველოს კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების თანახმად, პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება. ეს საკითხი ამ პოლიტიკურ ფორმატში ვერც იქნება შეთანხმებული, ვერც იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ კარგად იცის, როგორ ხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, ასევე ისიც კარგად იცის, რა წესები არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში, როგორც ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე პასუხი ან შეთანხმება მივცეთ ოპოზიციას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

კომენტარები