„ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. მამას უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება“

-„ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. მამას უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება, თუმც მუშაობდა მუხლჩაუხრელად. მთელი სასოება ღმერთზე ჰქონდა დამყარებული და სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახი რომ გაემხნევებინა, პატარა დაფაზე ამოტვიფრა შემდეგი სიტყვები: “ყოველთვის ასე არ იქნება”, და წარწერა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოჰკიდა.
გავიდა წლები, დადგა კმაყოფისა და თავისუფლების ხანა. ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც შეიკრიბნენ ყველანი მდიდრულ სუფრაზე მშობლიურ სახლში. ილოცეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისათვის და მაგიდას შემოუსხდნენ.
უფროსმა შვილმა ყურადღება მიაპყრო კედელზე დაკიდებულ ძველ დაფას.
– მოდი ჩამოვხსნათ, – ეუბნება მამას, – არ მინდა გავისხენო ის მძიმე წლები. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
– არა შვილო, ეკიდოს თავის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ არც ასე იქნება ყოველთვის, და შვილებსაც ეს ასწავლეთ.
ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ. მძიმე დროა? – მადლობა ღმერთს გამოცდისათვის. იოლად ცხოვრობ? – მადლობა ღმერთს ნუგეშისათვის. მადლიერების გრძნობა კი მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვისაც მუდამ ახსოვს მარადიულობა.”

(ქრისტიანული იგავები, ისტორიები, პატერიკები)

კომენტარები