„ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ამ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან მქონდა საუბარი“-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა:

-„ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ადგილზე იყო, მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურად გაეგრძელებინათ სამუშაოები. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დანარჩენს უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ. პრეზიდენტ ერდოღანთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია, ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორეს მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ ველოდებით. „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიისთვის, ENKA Renewables-სთვის არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. კომპანია თუ დაგვტოვებს, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომლის დანახარჯის მოცულობას შეაფასებს და ამის მიხედვით მოლაპარაკება შედგება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ამ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან მქონდა საუბარი“.

22 სექტემბერს „ENKA Renewables“-მა საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

კომენტარები