„ეს ქუჩაში მოძრაობაზე არ ასახულა – საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა…“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი2“-თან განაცხადა:

-„საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა, ჩვენ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით უნდა ვეცადოთ, მისი სტაბილიზაცია რომ მოხდეს, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, – ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა, ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს.

ლარის კურსის გამყარებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს: დადებითი მოლოდინები და რეალური ფაქტები, ახალი სავალუტო შემოდინება – სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება და ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა. მართლაც არის იმის მოლოდინი, – ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. უპრეცედენტო მაჩვენებელია, როდესაც აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, თვიური ზრდა 45%-ია. 2019 წლის აპრილთან შედარებით, 21%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ წელს არათუ მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ, გადავაჭარბებთ 2019 წლის მონაცემებს და შესაძლებელია, წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვქონდეს.

ეკონომიკაში ყველაფერს თავისი თადარიგი და თანმიმდევრობა აქვს: პირველი არის ეკონომიკის ზრდა და გახსნა, რაც ჩვენ უზრუნველვყავით და ამას მოჰყვა ლარის კურსის სტაბილიზაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ეს პროცესი გამყარდება და გაგრძელდება. მესამე: – სულ მალე, ლარის კურსის გამყარება და სტაბილიზაცია აისახება იმპორტული საქონლის ფასებში. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი“, –

პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, კომპონენტი, რომელიც ლარის კურსს ეხებოდა, ამ ეტაპზე, აღმოფხვრილია და ძალიან მალე, ეს ითარგმნება ფასებსა და დაბალ ინფლაციაში“.

კომენტარები