„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა“-ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

-„დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი – 44,8%. ეს არის ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, ეს ასევე ძალიან სასიხარულოა. ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი გვექნება, ვიდრე ეს წინა პროგნოზებში იყო ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. მაგალითად, ექსპორტი აპრილში 70%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები – 144%-ით, ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტურია ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკაც. ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7,1%-მდე შემცირებასაც. აქვე უნდა აღვნიშნო პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის. დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით განთავსებული ევრობონდები ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა“

კომენტარები