„ეს წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას“

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

„2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი , ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული. მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ეს წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ, კანონის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი მასალები საპროცესო წესით დაამაგრა და დალუქა.

საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”.

მიმდინარე წლის მარტში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა,  რომ მუქარის შემცველი წერილი მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

 

კომენტარები