ექსპერტიზა რომელმაც შესაძლოა საქმის ვითარება შეცვალოს – რას ამბობს ექსპერტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში სკანდალური ექსპერტიზის ავტორი, გია დეკანოზიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

Report.ge-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “ტოიოტა ქამრის” ორივე კარი ნამდვილად იღება. პროკურატურის ვერსიით კი ავტომობილის მოსატრიალებლად მხოლოდ მძღოლი, ვასილ მახარაძე ბრუნდება. ექსპერტიზის ეს დასკვნა პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.

“მონიტორინგის ფარგლებში, აშკარად ჩანს, რომ ორივე კარის გაღების მაჩვენებელი ანათებს. მართალია მოშორებითაა, თუმცა სწორედ მონიტორინგი ითვალისწინებს შორს მყოფი ობიექტის დათვალიერებას, კამერის ხედვის არეალის თუნდაც 10 %-მდე პიქსელების გაშიფრვას. აშკარად ჩანს ორი კარის გაღების ფაქტი, ანუ ის წერტილები, რომლებიც ნათდება, ნათდება ისე როგორც შეესაბამება კარების გაღებას და არა როგორც ანარეკლს”, – განუცხადა Report.ge-ს ექსპერტმა გია დეკანოზიშვილმა.

“კამერა კარგი ხარისხისაა და ფოკუსური მანძილი გათვლილია ისე, რომ ძალიან შორს შეუძლია დააფიქსიროს ობიექტი. იქ არის მომენტი სადაც რამოდენიმე წერტილი ფიქსირდება, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს წერტილები ადამიანებს წარმოადგენს შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია, რომ იყოს ადამიანებიც”, – ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგება.

 

წყარო: “report.ge”.

კომენტარები