ექსპერტი – შაქარაშვილის საქმე – „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცალსახად ვადასტურებ არანაირ მოტეხილობებს, ტლანქ, ბლაგვ ტრავმას გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ადგილი არ ჰქონია“

-„იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის, გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი. ეს დაზიანება შეიძლება მიღებულიყო ნებისმიერ სიტუაციაში, ბლაგვი ზემოქმედების საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერის ზემოქმედების პირობებში.  გვამს აღენიშნებოდა თვალბუდეებში სისხლნაჟღენთები, ცხვირზე, სახის არეში სისხლნაჟღენთები, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ამ სისხლნაჟღენთების და სხვა სახით.

კარდინალური პრობლემა, რამაც გააჭიანურა ლაბორატორიული კვლევის პროცესი, ეს გახლავთ, 4 დღის განმავლობაში სხეული იმყოფებოდა წყალში, განვითარდა მოგვიანებითი გვამური მოვლენები. შესაბამისად, ეს ახანგრძლივებს ლაბორატორიულ კვლევას დროის თვალსაზრისით. ეს მიმართულია იქითკენ რომ დადგინდეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია სითხეში დახრჩობით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცალსახად ვადასტურებ არანაირ მოტეხილობებსტლანქ, ბლაგვ ტრავმას გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ადგილი არ ჰქონია. საზეზე იყო დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა მიდამოში გარეგანი დათვალიერებით სისხლნაჟღენთების სახით. იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები შინაგანი გამოკვლევის პროცესში“, – განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში.

28 ივნისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები