„ე.წ. შავი სიის ინიციატორს ყველაფერი „ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდება“ – გიორგი ხელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა:

-„ე.წ. შავი სიის ინიციატორს ყველაფერი „ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდება“. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები, უკვე დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ პარტიისა და მისი სხვადასხვა ნაწილის შესახე საზღვარგარეთ უკვე ყველაფერი გარკვეულია. ქართველმა ხალხმაც ძალიან კარგად დაინახა, ვისთან აქვს საქმე. ასე რომ, ეს „შავი სია“ მათ სახეს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს და არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს, სამართლებრივი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია.

„შავი სიის“ შედგენა ჩვეულებრივი შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა, პოლიტიკური ხერხი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის 1990-იან და 2000-იან წლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოსა და პოლიტიკის წესებს.

კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს“.

კომენტარები