ვალერი კვარაცხელია: ამერიკელებს საქართველოს პოლიტიკის სცენაზე მამუკა ხაზარაძე შემოყავთ!

თბილისის ცენტრში ამერიკულ ბლოკბასტერს იღებენ. ხელისუფლება ცდილობს, ცივილიზებულ მსოფლიოს ამგვარად მაინც შეახსენოს საქართველოს არსებობა და ტურისტები მოიზიდოს. ბლოკბასტერის გადაღებას საეჭვოდ დაემთხვა ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემის, „ოქროს კვეთას“ დახურვა. რა კავშირია ამ მოვლენებს შორის და როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყნის ბედი ახლო მომავალში?  ამაზე თავად ჟურნალისტი და ექსპერტი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება:

 – ფილმის გადაღება რა პრობლემაა, გადაიღონ რამდენიც უნდათ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკა მხოლოდ ჰოლივუდითა და მასკულტურით არ შემოდის. ნატოთი, რაკეტებითა და ჯაველინებითაც შემოდის. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ყოველივე ამით საქართველოს უზარმაზარი დარტყმის ქვეშ აყენებს, მაშინ როდესაც დაცვის არანაირ მექანიზმებს და გარანტიებს არ გვთავაზობს.

_ ფილმის გადაღება და თქვენი საავტორო პროგრამა “ოქროს კვეთას” დახურვა საეჭვოდ ხომ არ დაემთხვა ერთმანეთს?

– არა მგონია ამ ორ მოვლენას შორის რაიმე კავშირი იყოს, მაგრამ თქვენ საქართველოში, ზოგადად, აშშ-ის გააქტიურებასა და «ოქროს კვეთას» დახურვას თუ აკავშირებთ ერთმანეთთან, ასეთი კავშირის პოვნა რთული არ არის. მოდით, ეს ყველაფერი თანმიმდევრულად განვმარტოთ: 2012 წლიდან მიმყავდა “ობიექტივზე” საავტორო გადაცემები “ოქროს კვეთა” და “პოლიტიკური ღამე” . მოხდა ისე, რომ  “პოლიტიკური ღამე” სწორედ მაშინ, როცა პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა, დაიხურა. “ოქროს კვეთა” კი, ნაცვლად ყოველი კვირისა, ორ კვირაში ერთხელ გადიოდა ეთერში. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა შევიწროვება რომ ხდებოდა, ფაქტია, რაც მთელმა საქართველომ იცის.

– მაყურებლებს აინტერესებთ ვინ გავიწროვებთ და ვინ ზღუდავს გადაცემებს? “ობიექტივის” ხელმძღვანელობა, თუ სხვა ძალები?

-მაყურებლებთან გამოსამშვიდობებელ გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ საკითხით სხვა დონეზე არიან დაინტერესებულნი. მხედველობაში მაქვს აშშ-ის საელჩო და საქართველოს მთავრობა.

რაც შეეხება “ობიექტივს”, მისი ხელმძღვანელობა, ამ საშინელი კონკურენციის ვითარებაში, შეუძლებელია დაინტერესებული არ იყოს მაღალრეიტინგული გადაცემებით, მაგრამ წნეხი ძალიან ძლიერია. არ ვიცი, მაყურებლები როგორ შეაფასებენ, მაგრამ მე პირადად ამ საქმეს ასე განვიხილავ: “ობიექტივის” ხელმძღვანელებს იმას კი არ ვსაყვედურობ, ამ ზეწოლას რატომ ვერ გაუძელით-მეთქი, პირიქით, მადლობას ვეუბნები, ამ ჯოჯოხეთური წნეხს რომ უძლებდნენ და, თითქმის რვა წლის განმავლობაში, მაყურებლებთან ჩემი სათქმელისა და პოზიციის მიტანის საშუალებას ყოველგვარი ცენზურის გარეშე მაძლევდნენ. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია: მიუხედავად იმისა, რომ «ოქროს კვეთა» აღარ იქნება, მე “ობიექტივიდან” არ მოვდივარ. შემომთავაზეს სხვა ფორმატის გადაცემა, რომელიც სექტემბრიდან გავა ეთერში. მომავალი გადაცემის შესახებ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ჯერ თავადაც არა ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული.

  – მაყურებლებმა როგორ მიიღეს, “ოქროს კვეთა” რომ მოიხსნა ეთერიდან?

– აღშფოთებით, რა თქმა უნდა. უამრავი ადამიანი ორი კვირის მანძილზე ელოდებოდა გადაცემას, სადაც სრულიად განსხვავებულ ანალიზს ისმენდა საქართველოში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ბევრი მირეკავს, მაგრამ არანაირი ახსნა-განმარტების მოსმენა არ სურს. მათ აინტერესებთ ერთად-ერთი რამ: ეთერში გადიოდეს გადაცემა, სადაც ისინი ტელევიზიებში გაბატონებული პოზიციის ალტერნატივას ისმენდნენ. ჩემს გადაცემებს როგორც კი პრობლემა ექმნებოდა, მაყურებლები მაშინვე იწყებდნენ ხელმოწერების შეგროვებას და მიჰქონდათ “ობიექტივში”, ხელმოწერების დიდი ნაწილი ჩემთანაც მოჰქონდათ. უნდა გამოვტყდე, რომ, რამდენადაც შემეძლო, ხელს ვუშლიდი ამ აქციას, ვინაიდან “ობიექტივის” მესვეურებს ეს ჩემი ორგანიზებული ეგონებოდათ. მე არ მჭირდება არავინ, ვისაც მე არ ვჭირდები. არც რედაქციებში ვუვარდები ვინმეს და არც სტუდიებში. როდესაც სადმე მიწვევენ, თუ საჭიროდ ჩავთვლი, მივდივარ. სადაც არ მიწვევენ, იქ არავის ვაწუხებ. უნდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ორიოდე გაზეთი გამოიცემა, სადაც ჩემი მასალები ქვეყნდება. რაც შეეხება ტელეარხებს, ჩემთვის მათი კარები დახურულია, ვინაიდან იციან, რომ მე ყოველ ნაბიჯზე ვამხელ ამერიკული პოლიტიკის ძალმომრეობას. მათთვის კი ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ესენი ხომ ქართულად მოლაპარაკე ამერიკული ტელეარხები არიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ნაცვლად, გვაქვს ამერიკელების მიერ უზურპირებული მედია. სამწუხაროდ, არამარტო მედია…

 –  ნატოსა და ევროპისკენ მივილტვით, მაგრამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები დგას… ბოლოსდაბოლოს, ვისია დღეს საქართველო?

რა შემზარავი შეკითხვაა, –  ვისია საქართველო? იყო დრო, როდესაც საქართველო ქართველებს ეკუთვნოდა. ასეთი იყო ბაგრატ მესამის, დავით აღმაშენებლის, თამარის ხანა. მტრები მაშინაც იყვნენ, მაგრამ სახელმწიფო ისე იყო ორგანიზებული, რომ მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც პასუხის გაცემა შეეძლო. სამწუხაროდ, ის დროც მოვიდა, როდესაც საქართველო დასუსტდა და დაიშალა. მერე ის დროც დადგა, როდესაც რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდით გუბერნიის სახით. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სამწლიანი ფსევდოდამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა მენშევიკური მთავრობის წყალობით დასავლეთს მივეყიდეთ, მაგრამ სტალინის ძალისხმევით, ეს რეალობა რადიკალურად შეიცვალა და საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა, ისეთ გეოპოლიტიკური კონტექსტში მოექცა, სადაც გარედანაც და შიგნიდანაც საუკეთესოდ იყო დაცული და ეკონომიკური თუ სულიერი განვითარების ყველა საშუალება გააჩნდა.

– თუმცა, თავისუფლებასთან შელევის ფასად, არა?

– მართალია, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის თვალსაზრისით რამდენადმე შეზღუდული ვიყავით, მაგრამ ე.წ. თავისუფლების მოპოვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ახლა იმისი მეათედი დამოუკიდებლობაც არ გაგვაჩნია, რაც საბჭოთა პერიოდში გვქონდა. დღეს თავისუფლების ნასახიც არ მოგვეპოვება. ამასთანავე, ერთნაირად დაუცველები ვართ, როგორც გარე, ისე შიდა საშიშროებებისგან. ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა და საბოლოო დაშლის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თქვენ მეკითხებით, ვისია საქართველოო. ისეთი რამე დაგვემართა დედამიწის ზურგზე არცერთ სახელმწიფოს რომ არ მოსვლია. სულიერად ევროპას ჩავბარდით, სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას, წინაპრების ოფლით გაპოხიერებული და სისხლით მორწყული მიწა კი, ანუ სხეული – საქართველოს მეზობლებს მივუგდეთ საჯიჯგნად: ნაწილი რუსებმა წაიღეს, ნაწილი თურქებმა, ნაწილი აზერბაიჯანელებს მიაქვთ და ნაწილი სომხებს. ჯერ ჩინელებს, არაბებს და ირანელებს ტერიტორიული პრეტენზიები ხმამაღლა არ გამოუთქვამთ, მაგრამ რა აქვთ საპრენტეზიო, თავიანთი არაოფიციალური ავტონომიები უკვე გააჩნიათ საქართველოში – უკვე კომპაქტურად ცხოვრობენ! ის ტელევიზიები, მე რომ არ მიკარებენ, გაჰკივიან, რუსეთის გარდა მტერი არ გვყავსო, მაგრამ ჩვენს ირგვლივ და ჩვენგან შორსაც მხოლოდ მტრებს ვხედავ, ვისგანაც სწორედ იმ რუსეთმა თუ არ დაგვიცვა, დღე და ღამე ოკუპანტს რომ ვუძახით, განწირულია საქართველო. თოფით და ტანკით კი არა, ფულით, ემიგრანტებით, ინვესტორებით, მასკულტურით, გარყვნილების პროპაგანდით, კაზინოებით, ნარკოტიკებითა და ბორდელებით წალეკავენ და წაიღებენ ქვეყანას!

 – “ქართული ოცნება” უკვე მეორე ვადას ამთავრებს ხელისუფლებაში. ასეთ დროს ალტერნატივის ძებნა ჩვეულებრივი მოვლენაა. რას ფიქრობთ, ვინ, რომელი ძალა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ნუთუ ისევ სააკაშვილის საკითხი დგას დღის წესრიგში?

– აღარ დგას. სააკაშვილი უკვე გაჭრილი კოზირია, რომელიც, თავის დროზე, ძალიან ვერაგულად გაათამაშეს საქართველოს წინააღმდეგ.

 –  ვინ, რუსებმა?

–  არა, ამერიკელებმა. სააკაშვილი პატარა ამერიკული კოზირი იყო ყოველთვის.

 – ხომ ფაქტია, რომ რუსეთმა გაცილებით მეტი სარგებელი ნახა სააკაშვილის ავანტურისტული ნამოქმედარით, ვიდრე ამერიკელებმა?

– მე სხვანაირად ჩამოვაყალიბებდი: სააკაშვილის ნამოქმედარით საქართველო დაინგრა. ამერიკელებმა და რუსებმა კი დიდი სარგებელი ნახეს. ამერიკელებმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსებს მიუგდეს, რის სანაცვლოდაც მიიღეს ერთმანეთისგან საბოლოოდ გაუცხოვებული რუსეთი და საქართველო, რომლებიც, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში, ერთმანეთის ისტორიულ მტრებად ჩამოაყალიბეს. ეს ამერიკელთა უდიდესი ნატვრა და ოცნება იყო. მათ იგივე შედეგებს მიაღწიეს უკრაინაშიც. ამერიკელები რუსეთის დაჩოქების მიზნით, მის ირგვლივ რუსოფობიით შეპყრობილ სახელმწიფოთა ერთგვარ კოალიციას ჰქმნიან. სააკაშვილის რეგვენული მოქმედებით, ამერიკელებმა საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთ წარმატებულ რგოლად აქციეს, რა თქმაუნდა, ჩვენთვის საზიანო შედეგებით.

– თუმცა, ამ საქმიდან რუსებმაც კარგად იხეირეს.

– დიახ, მათ საქართველოდან გაყვანილი სამხედრო ბაზები, სააკაშვილის მოღალატური ნამოქმედარის გამოყენებით, უკანვე შემოაბრუნეს. თანაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი,” ამერიკელების თანხმობითა და დასტურით (ხაზს ვუსვამ, _ ამერიკელების თანხმობითა და დასტურით), საქართველოს მოწყვიტეს და, პრაქტიკულად, საკუთარ სამხედრო პლაცდარმად აქციეს. ერთი სიტყვით, სააკაშვილის «მოღვაწეობით» საქართველო გაუბედურდა, ყველა დანარჩენმა სახელმწიფომ კი, ვინც ამაში მონაწილეობდა, იხეირა. აი, რას ნიშნავს სახელმწიფოს სათავეში მარიონეტი ხელისუფალი.

– სააკაშვილი დღეს ძალიან ბევრს მიაჩნია რუსეთის უშიშროების პაიკად საქართველოში. თქვენ მხედველობიდან ხომ არ გრჩებათ ბიძამისის, კგბ-ს გენერალ ალასანიას ფაქტორი?

– კგბ-ს გენერალი ალასანია დიდი ხნის წინ გახდა ცრუ-ს ოფიცერი. ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. სტალინური ენკავედე-ს შემდეგ ხრუშჩოვის მიერ ჩამოყალიბებული კგბ თანდათან ცრუ-ს ფილიალად იქცა და უზარმაზარი წვლილიც შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში. იმ პერიოდში ხრუშჩოვისეული კგბ-ს მთელი ნაგავი ცრუ-ში გადაბარგდა. კგბ-ს ოფიცერთა და გენერალთა შორის ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვინც საკუთარ ფიცს არ უღლატა და მუნდირის ღირსება არ შელახა. ალასანიას მოქმედებებიდან ჩანს, რომ მისი გვარი ამ უღალატო ჯარისკაცთა სიაში ვერ იქნება. ოდესღაც საკაშვილიც კგბ-ს სიაში ირიცხებოდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ცრუ-ში გადაბარგებულიყო და იქიდან ვარდების რევოლუციის ლიდერად მოვლენოდა საქართველოს. სააკაშვილი და ბიძამისი, დღეისათვის, ცრუ-ს მიერ უკვე ჩამოწერილ აგენტურას წარმოადგენენ, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა და მომავალი აღარ გააჩნიათ. ამერიკელები ახლა სხვა კარტის გათამაშებას აპირებენ.

 – საინტერესოა, რას გულისხმობთ და ვის გულისხმობთ?

– აქ არც დამალულია რამე და არც გასაშიფრი. ყველაფერი დღესავით ნათელია. ამერიკელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი ჩაუვარდათ. ეს კი, სამხედრო თვალსაზრისით, მათთვის უძლიერესი დარტყმაა რეგიონში. სამხედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული სამხედრო ბაზის ერთ-ერთი უსერიოზულესი კომპონენტია საქართველოში. გახსოვთ, სააკაშვილის ყბადაღებული პროექტი ლაზიკა? სააკაშვილი რომელი ქალაქის ამშენებელი იყო, ლაზიკას ამერიკელები ააშენებდნენ, ოღონდ ეს იქნებოდა არა სამრეწველო და საცხოვრებელი ქართული ქალაქი, როგორც სააკაშვილს უნდოდა ჩვენთვის შემოესაღებინა, არამედ, ამერიკული სამხედრო ბაზა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც ქალაქს მხოლოდ გარეგნულად დაემსგავსებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის” მიერ განცდილი კრახის შემდეგ, ლაზიკას თემამ უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა ამერიკელებს მასზე ფიქრი არ შეუწყვეტიათ, ვინაიდან მას სტრატეგიული ხასიათის მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმი და სევასტოპოლი შემოიერთა და ამერიკელების მიერ იქ დაწყებული უზარმაზარი სამხედრო ბაზის მშენებლობა ჩაიფუშა. ამერიკელები ელოლიავებოდნენ მთლიანად ლაზიკას თუ არა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას მაინც და, 2017 წელს, ეს გაყინული საქმე დაძრეს კიდეც ადგილიდან. მათ თავიდან მოიშორეს ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავა, რომელსაც ჩინური ინვესტიციით და ჩინური კომპანიის შემოყვანით სურდა ანაკლიის პორტის აშენება. ეს საქმე ბოლომდე ჰქონდა კიდეც მიყვანილი, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელშეწყობით ეს ქართული საქმე ჩაშალეს და ბანკირ მამუკა ხაზარაძის ნაყაჩაღარ კაპიტალზე დაყრდნობით სცადეს ამერიკელი ინვესტორის შემოგზავნა ანაკლიაში, რა თქმა უნდა, არა ქართული, არამედ ამერიკული სამხედრო ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად. ასეთია ამ საკითხის სქემატური მონახაზი.

– მაგრამ ხაზარაძე და მისი ჯგუფი შავ საფინანსო საქმიანობაში ამხილეს, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც, ჰაერში გამოეკიდა.

– აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო დირექტივას დირექტივაზე აგზავნის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებული საკითხი როგორმე ადგილიდან დაძრას. პომპეომ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს ისიც კი აკადრა, რომ რუსეთი და ჩინეთი ქართულ ეკონომიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, რადგან ამ ქვეყნებს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა არ ამოძრავებთო. ეს სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბარს მოაყოლა. გაიხსენეთ, რა გითხარით ზემოთ. ანაკლიის პორტი ჩინურ კომპანიას უნდა აეშენებინა-მეთქი. აი, რატომ აუკრძალა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინურ ეკონომიკაში ინტეგრირება. ჩინური ინვესტიციებით აშენებული ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკის ინფრასტრუქტურული შემადგენელი იქნებოდა და არა ამერიკული სამხედრო ბაზისა საქართველოში.

 – ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობდით. თქვენ თქვით, რომ ამერიკელები საქართველოში ახალი პოლიტიკური კარტის გათამაშებას იწყებენო…

–  ეს სწორედ ის საკითხია. მათ უკვე მოძებნეს ყოველგვარ არაქართულ საქმეზე წამსვლელი ვიღაც ხაზარაძე, ფულისთვის ეშმაკს რომ შეეკრა დიდი ხნის წინ. ეს ის ხაზარაძეა, გარყვნილ ლიტერატორთა წახალისებას რომ ეწევა საქართველოში; ეს ის ხაზარაძეა, ქართველთა ფინანსური ტერორითა და საცხოვრებელი ბინებიდან გამოსახლებით რომ გამდიდრდა. აი, ამ ხაზარაძის შემოყვანა უნდათ ამერიკელებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დროც შესაფერისი მონახეს – “ქართული ოცნება” დაშლილია, ივანიშვილის ავტორიტეტი საფუძვლიანად შერყეულია და ამ დროს გამოძებნეს კაცი, თანაც ფულიანი, რომელიც თავის გადასარჩენად ყველაფერზე მიდის.
რაღაც ამდაგვარი უკვე მოხდა საქართველოში. 2003 წელს, როდესაც შევარდნაძის ავტორიტეტი გაცამტვერებული იყო, ამერიკელებმა შემოაგდეს ფაშიზმის ბაცილით დასნებოვნებული სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური კარიერის წყურვილით ნებისმიერ სისაძაგლეზე იყო წამსვლელი. ამერიკელებმა მაშინ დრო იხელთეს, შევარდნაძის ავტორიტეტის დაცემით ისარგებლეს და ეს სულით-ხორცამდე გახრწნილი სააკაშვილი, თითქმის ერთხმად, 97-პროცენტით აგვარჩევინეს. ახლაც იგივეს გვიპირებენ. ავტორიტეტშერყეულ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სულაც არ მიმაჩნია სახელმწიფოს მმართველის იდეალურ განსახიერებად, მაგრამ ამ გარეწარ ხაზარაძეზე გაცილებით უფრო ადამიანური, გაცილებით უფრო ქართული თვისებების მატარებელია – მართვის სადავეებს ხელიდან გამოგლეჯენ და, ვაი საქართველოვ, ვინც კი არაკაცი და ღვთისპირიდან გადავარდნილი ოდესმე გინახავს ხელისუფლებაში, ყველა ერთად მოგენატრება!

შევარდნაძეს საქართველოს წინაშე ბევრი შეცდომაც აქვს დაშვებული და ბევრი დანაშაულიც აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მიუტევებელი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, გადადგომა იყო, რითაც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მტერს, სააკაშვილს, ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნა. არ უნდა დავუშვათ, რომ 2020 წელს ჩვიდმეტი წლის წინ დაშვებული შეცდომა განმეორდეს. ვაფრთხილებ ივანიშვილს, გულშიც კი არ გაივლოს ხაზარაძისთვის ხელისუფლების გადაცემა, როგორი მომხიბლავიც არ უნდა ეჩვენოს ამ ბინძური გარიგების სანაცვლოდ ამერიკელების მიერ მისთვის შემოთავაზებული პირობები. ქართველ ხალხს კი სიფხიზლისკენ მოვუწოდებ, ვინაიდან სწორედ ხაზარაძე იქნება სააკაშვილის რეინკარნაცია და სწორედ ხაზარაძე იქნება ის, ვინც საქართველოს კუბოს სახურავზე უკანასკნელ ლურსმანს ჩააჭედებს, მერე კი ხელებს მოიფშვნეტს და კმაყოფილი სახით იტყვის, – ესეც ასე!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი”

კომენტარები