ვალერი კვარაცხელია: ისედაც გაღიზიანებული რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდება, რამაც შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული გამოიწვიოს

საქართველოს თავდაცვი მინისტრმა ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა.

ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით,საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ხელს მოაწერენ სამთწლიან შეთანხმებას თავდაცვის სფეროში შემოდგომაზე, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას დააჩქარებს. იზორიამ  აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯონ რუდთან  განიხილა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები

თავდაცვის სფეროში.

„ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

-ეს არის გაგრძელება იმ დამანგრეველი და დამღუპველი კურსისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ეწევა და რომელიც საბოლოოდ გვაპირისპირებს რუსეთთან, ხოლო საქართველოსთვის – პრაქტიკულად არაფრის მომცემია – განაცხადა „თვალსაზრისთან“ ექსკლუზიურ კომენტარში მწერალმა და პუბლიცისტმა ვალერი კვარაცხელიამ

– რამდენადაც ვიცი, შეხვედრაზე შეიკრიბა რამდენიმე კონგრესმენი, რომლებმაც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მხარი დაუჭირეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ კონგრესმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. სამაგიეროდ ეს ნაბიჯი საკმარისია, რომ ისედაც გაღიზიანებული რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდეს, რამაც შეიძლება საბოლოო შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული გამოიწვიოს.

ჩვენ, ქართველები – აგვაცდინეს ქვეყნის ბუნებრივი განვითრების გზას უკვე რამდენი ათული წელია აგვაღებინეს მცდარი გეზი და თან ისე, რომ ამ გზის ალტერნატივაც არ შემოუთავაზებიათ. ამ გზის ბოლოს მეორე ნაპირი არ გამოჩნდება, მხოლოდ დაღუპვაა მოსალოდნელი!

მეორეს მხრივ, თავდაცვის  მინისტრის ეს ვიზიტი პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის აუცილებლობის შესახებ. რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აღფრთოვანებით შეხვდა.

ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება არის უთავბოლო და არათანმიმდევრული ხელისუფლება, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ საქართველოს სახელმწიფოებრივობას სპობს!

კომენტარები