ვატო შაქარიშვილი: დღეს ორ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, ტყვეობაში ყავს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ეს მოცემულობა დასანგრევია
თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, დედაქალაქში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ვარაუდობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომიტინგეებს სათავისოდ გამოიყენებდა და ქვეყანაში უბედურებას დაატრიალებდა.
“მიუხედავად ჩემი მეგობრების რჩევისა (რომელთაც დიდ პატივს ვცემ), გუშინ მაინც მივედი აქციაზე, იმის სათქმელად რასაც ვგრძნობდი, დანამდვილებით ვგრძნობდი…
როცა ოპერასთან ვიდექი და გულანთებული, სამართლიანად გაბრაზებული ხალხის ნაკადს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანების ენერგიას აუცილებლად გამოიყენებდა ნაციონალური მოძრაობა და ქვეყანაში უბედურებას დაატრიალებდა!
ამ სცენარში კი საუკეთესო მოკავშირეა გაკოტრებული, ნდობა დაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლება!
და სწორედ ამიტომ, ქვეყანაში დატრიალებულ ამ საშინელ ღამეზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას! ქვეყანაში რაც ხდება, კარგი თუ ცუდი, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას! უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იყო ქართული ოცნება!
გული მტკივა დღევანდელ ლევან ხაბეიშვილებზე… 26 მაისს ის წერდა, ნაგავი გაიტანეს რუსთაველის გამზირიდანო და დღეს, ქართული ოცნების მხარდამჭერები წერენ…
არადა ნაგავი, რომელიც მართლაც გასატანია რუსთაველის გამზირიდან და საერთოდ პოლიტიკური სივრციდან, ისინი უვნებელი არიან და დღეს ისევ ეცდებიან გადააჯდნენ ხალხის ჯანსაღ პროტესტს, ამ დროს კი ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა თვალი დაკარგეს და დასახიჩრდნენ!
უდიდესი ადამიანური და პოლიტიკური სიმდაბლე მგონია ეხლა, დარბევების სტრატეგიების შედარება და “რეზინის ტყვიებიც კი სხვანაირიას” პროპაგანდა სოციალურ ქსელში!
დღეს, ორ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, ტყვეობაში ყავს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ეს მოცემულობა დასანგრევია, ამ ხალხთან ერთად! ამისთვის უნიკალური რეცეპტი მე არ ვიცი და ყველას, ვინც ერთნაირად ვფიქრობთ, გთავაზობთ, რომ ერთად დავსახოთ გზები!
შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად აუცილებლად შევძლებთ!”- წერს ვატო შაქარიშვილი.